მოგესალმებით, პოსტის დაწყებამდე მინდა ერთი ჩემი პატარა ზღაპარი შემოგთავაზოთ, რომელსაც შემდეგ დავუკავშირებთ იმ თემას, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ.
ერთ ჩვეულებრივ სოფელში ერთი უცნაური თამაში ქცეულიყო ტრადიციად. მისი პრინციპი ძალიან მარტივი იყო, უნდა აგეღო ქვა და რაც შეგეძლო, შორს გეტყორცნა. ყოველი მხრიდან შეკრებილი ბიჭები ეჭიდებოდნენ ქვებს და რიგ-რიგობით ისროდნენ. სოფელში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც ყველაზე მძიმე ქვებს ყველაზე შორს გაისროდა ხოლმე. ყველას აგიჟებდა ამ ბიჭის ძალა. ზედმეტსახელად “ლოდმსროლელაც” კი შეარქვეს. ამ ბიჭს პატარა ძმა ჰყავდა. ერთ დღეს კი მისი ქვის სროლის დროც დადგა. პატარა თავისი ასაკისთვის ძლიერი იყო, ჭიდაობაშიც ყველა თანატოლს ერეოდა. გაგულისებული გავიდა მოედანზე, იცოდა ოჯახი და მისი ძმა უნდა ესახელებინა. მას მხოლოდ ლოდები და დიდი ქვები დაუდგეს, რადგან სოფელმა მიიჩნია, რომ “ლოდმსროლელას” ძმას არ ეკადრებოდა პატარა ქვა. ბიჭუნა იმხელა ლოდს ჩაეჭიდა, რომლის სროლა თავის ძმასაც კი უჭირდა ხოლმე. პატარამ ქვას ძვრა ვერ უყო. ლოდმსროლელაც გაბრაზდა, დაავლო ლოდს ხელი და საკმაოდ შორს გადააგდო, ძმას კი სუსტი და არაფრისმაქნისი უწოდა. იმის შემდეგ, პატარას აღარც კი უცდია ქვის სროლა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ყველას დაავიწყდა, რომ დიდი ლოდის სასროლებლად შესაფერისი ასაკი და მომზადება გჭირდება. თავად ლოდმსროლელაც წლების განმოვლობაში ზრდიდა ქვების სიმძიმეს და საბოლოოდ გაბედა და ლოდს ჩაეჭიდა. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ და არა მარტო სასროლელ ქვებს …
“50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” ლიტერატურული პროექტია, რომელმაც სრულიად მიიპყრო ჩემი ყურადღება. თვეების განმავლობაში ხალხის გამოკითხვა ხდებოდა სხვადასხვა გზით. აქვე დავძენ, რომ გამოკითხვა გრძელდება და თუ გსურთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, შედით ამ გვერდზე და მიეცით ხმა თქვენთვის საყვარელ 10 წიგნს. პროექტმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალურ მედიას და აქტიურად ჩაება სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე პროექტის რეკლამირებაში, რამაც გაამართლა და ბევრი ადამიანი მიიზიდა. მეც პირადად ინტერნეტის წყალობით შევიტყვე ამ პროექტის შესახებ და მას შემდეგ, რეგულარულად ვსტუმრობ პროექტის ფეისბუქის და ტვიტერის გვერდებს.
საერთოდ, ძალიან ძნელია ისაუბრო ასეთ მასშტაბურ პროექტზე ისე მოკლედ, რომ არ მიაფუჩეჩო იგი და თანაც არ დაღალო მკითხველი, ამიტომაც გადავწყვიტე ვისაუბრო მხოლოდ ერთ თემაზე – 20-ეულში მოხვედრილი წიგნების ასაკობრივ დონეებზე.
ცოტა ხნის წინ, პროექტმა გამოაქვეყნა პირველი ოცეული (რომელიც არ არის რაიმე პრინციპით დანომრილი, ანუ არ გეგონოთ, რომ რადგან “შაგრენის ტყავი” გამოდის პირველი ესე იგი პირველ ადგილზეა რეიტინგებით). სიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა რამდენიმე წიგნის გამო. უმეტესად, ხალხი გაბრაზდა 20-ეულში საბავშვო და საყმაწვილო წიგნების მოხვედრაზე. უმეტესად, ახსნა იყო ამგვარი – იქ სადაც ბეგბედერი ან დოსტოევსკია, რატომაა მარკ ტვენი ან ჟიულ ვერნი ?! გარკვეული ლოგიკა დევს ამ მოსაზრებაში, მაგრამ ყველა ამ კითხვის დამსმელს კონტრ-შეკითხვით ვუპასუხებდი – დააკვირდით პროექტის სათაურს, ეს წიგნები არ არის გარკვეულ ასაკზე გათვლილი, ეს ის წიგნებია, რომელსაც ალბათ ყველა მკითხველი წაიკითხავს გარკვეულ ეტაპზე. რატომღაც აქაც იგივე სიტუაციაა, ყველას ავიწყდება რომ დოსტოევსკიმდე მარკ ტვენი იყო და “ტომ სოიერის თავგადასავალი” უმრავლესობას წაკითხული აქვს. მაშინ რატომ იბადება მოსაზრება რომ ჟიულ ვერნი სიის ღირსი არაა ?! ამ პროექტში ის მომწონს, რომ იგივე 10 წლისამ, 16 წლისამ თუ 35-ისამ შეიძლება იპოვოს თავისი გემოვნების დამაკმაყოფილებელი წიგნები. თანაც, მე მგონი ამ სერიის მიზანია, ქართულ ოჯახებში ცოტათი მაინც გამდიდრდეს ბიბლიოთეკა და ოჯახის ყველა წევრმა აღმოაჩინოს ახალი გასართობი ლიტერატურის სახით ან დაუბრუნდეს კითხვას.
ახლა კი მინდა ყველსათვის საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობიდან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” საინტერესო ელემენტები მოვიყვანო. თავად ავტორიც მოგვითხრობს, რომ მკითხველად გახდომისთვის რაღაც ეტაპები უნდა გაიარო. იწყება ჟიულ ვერნით, “სამი მუშკეტერი”-თ, მარკ ტვენით და ო ჰენრით. შემდგომი ეტაპია მაგალითად ჯეკ ლონდონი და ჰიუგო, ასევე “აივენჰო” ან “უთავო მხედარი”. მერე უკვე მერიმეს, მოპასანის და ჩეხოვის ჯერი დგება. ბოლოს კი უკვე რთულ ლიტერატურას ეზიარება, მაგალითად “სიკვდილი ვენეციაში”. ეს იყო ის გრანდიოზული გეგმა, რომელიც დოჩანაშვილმა დასახა ამ მოთხრობით და ერთგვარი სია შექმნა “წიგნობრივი ეტაპების”.
ყველა მიზეზის შეჯამებით ვიტყვი, რომ სრულიად გასაგები და მოსაწონაა ამგვარი “ნარევი” წიგნებისა, სხვადასხვა ასაკში ხომ სხვადასხვა წონის ქვას უნდა დავეჭიდოთ. დაე დავიწყოთ კენჭებით და როდესაც დრო მოვა, ლოდის სროლის შანსიც მოგვეცემა.
p.s. ხმის მიცემისათვის შედით ამ გვერდზე
p.p.s. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს
