.jpg)
მე ამ სამყაროში ჯერ ახალი ვარ – სამყაროში, რომელსაც მეორენაირად ფურცლების სამეფოს ვეძახი. მართლაც არაა დიდი ხანი, რაც დიუმას და კონან დოილის ეტაპს გადავაბიჯე და სრულიად ახალ საფეხურზე ავღმოჩნდი, რომელიც ისეთი მწერლებითაა დაკომპლექტებული, როგორიცაა პრუსტი, სარტრი, ჯოისი, ორუელი, დოსტოევსკი, ბალზაკი, დანტე და სხვანი, რომელთაც სრულ ჩამოთვლასაც აზრი არ აქვს.
ჩემი კითხვის ეტაპი შეიძლება შემდეგი შედარებითაც დავახასიათოთ. თითქოს მდინარეს მივყავარ, მე კი ცურვა არ ვიცი და ვიხრჩობი, საშველად კი ტოტებს ვეჭიდები, ტოტებს, რომლებსაც გენიალური ან ჩვეულებრივი შემქმნელები ჰყავთ, არ მაქვს დრო ვარჩიო რომელი ტოტია უფრო გამძლე, თანაც არ ვარ იმდენად გათვითცნობიერებული, რომ ამას მივყვე. უბრალოდ ინტუიციით, ბრმად ხან ერთ ტოტს ვეჭიდები, ხან – მეორეს. ზოგჯერ გამძლე ტოტები მხვდება, რომლებიც დიდხანს მიტანენ, ზოგი კი ისეთი სუსტია, რომ მარტივად ტყდება და სამუდამო დავიწყებას ეცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვხვდები ყველა ნამდვილმა მკითხველმა გაიარა ის ეტაპი, სადაც სასოწარკვეთილი ტოტებს ეჭიდებოდა, სწორედ ეს ფიქრი მაკავებს, რომ ხელი არ გავუშვა და მდინარეს არ მივნებდე.
ეს ტიპიური მდგომარეობაა ნებისმიერი მოზარდისათვის, რომელსაც კითხვა უყვარს. ჩვენ ყველანი ტოტებს ვცდილობთ ჩავეჭიდოთ. შემდგომში, რომ ცოტა გავიმარტივო საქმე, ჩემი თაობის ასეთ ნაწილს “ტოტებსჩაკიდებულები” მინდა ვუწოდო. მე გამიმართლა, რომ გარშემო მყავს ტოტებსჩაკიდებულები, რომლებთანაც შეიძლება ვისაუბრო წიგნებზე და გავარჩიო წაკითხული, გავიღო და მივიღო რჩევები, დისკუსიაში ჩავერთო და ლიტერატურულად “მოვჯანიანდე”.
ერთხელაც ისევ ჩამოვარდა თემა წიგნებზე, მე კი მოვახსენე მეგობრებს, რომ მათთვის რაღაც კითხვები უნდა დამესვა და უცებ ყველა გაიტრუნა სიამოვნებით, მიხვდნენ, რომ სასიამოვნო საუბარი ელოდათ მათთვის ერთ-ერთ საყვარელ თემაზე. პირველი კითხვა გამიჩნდა თუ როგორ და რანაირად შემოვიდა წიგნები მათ ცხოვრებაში. ეს ის მომენტია, რომელიც ან ნელ-ნელა გეპარება, ან სწრაფად შემოგვლება როგორც დამტყარი ბურუსი უცნობი ემოციებისა, რომელიც მალე წყნარდება და ჩნდება გრძნობა. ეს გრძნობა სიყვარულია, სიყვარული ფურცლისადმი. უმრავლესობისთვის წიგნის შეყვარების ასაკი 11-12 წელი აღმოჩნდა. კითხვაზე თუ რა წიგნი იყო, რომელმაც კითხვა შეაყვარათ, პასუხები საკმაოდ გაიხლიჩა.

“ალბათ ჰარი პოტერმა, ჩემი პირველი სერიოზული წიგნი იყო და შემდეგ დავიწყე უფრო დიდი წიგნების კითხვა” – მიშა.
აი მხოლოდ ამიტომ უნდა მოგწონდეს ჰარი პოტერი. ეს ის წიგნია, რომელიც 21-ე საუკუნეში, გინდ იჯუჯღუნეთ გინდ არა, ნომერი პირველი წიგნია, რომელსაც შეუძლია ბავშვს შეაყვაროს კითხვა. რასაც დღევანდელ დღეს ვერ ახერხებენ დიუმა და ვერნი, იმას ახერხებს როულინგი, ჯადოქრების სკოლა და სათვალეებიანი ბიჭუნა.
“კითხვა შემაყვარა მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალმა” – თათა.
ვერაფერს ვიტყვი, მე პირადად ბავშვობაში რამდენჯერმე დავიწყე ამ წიგნის კითხვა და იმდენჯერმე გავაგდე ხელიდან. ჩემთვის არ იყო ალბათ იმდენად საინტერესო, რომ ბავშვობის ბედნიერი წუთები აენაზღაურებინა.
“პირველი იყო ბურატინო. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ წიგნმა შემაყვარა კითხვა, რომელსაც ვერ ვიტანდი. გრძელცხვირა ხის ბიჭი დღემდე არ მიყავრს, მაგრამ რატომღაც იმის მერე იყო, რომ სულ წიგნები დამიტრიალდა თავში.” – ანა.
ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ბურატინო. მე ამ წიგნის პერსონაჟები დღემდე მიზიდავენ თავისი ჩაცმულობით და ემოციური დატვირთვით. კომედია დელ-არტე-მ და ალექსეი ტოლსტოიმ დღემდე დამიტოვა ემოციები, რომელიც არლეკინს, მალვინას და განსაკუთრებით კი პიეროს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ჩემთვის წარმოუდგენლად ემოციური პერსონაჟია, რომელთანაც ყოველთვის ძალიან დიდ სულიერ კავშირს ვგრძნობდი.
ჩემი გიდი ფურცლის სამყაროში არის “სამი მუშკეტერი”. ოთხმა მეგობარმა 100 %-ით მოახერხა ჩემი ბავშვური გონება მოენუსხა და თავის კალთაში მოვექციე. მე კი ყველა პატარას ვურჩევ მატი პირველი წაკითხული გვერდები ეკუთვნოდეს ასტრიდ ლინდგრენს, რომელიც ჩემთვის დღემდე საუკეთესო საბავშვო მწერალია, დასანანია, რომ ჩემ მეგობართა რიცხვში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომლის წინამძღვარიც ლინდგრენი აღმოჩნდებოდა.
მე პირადად ყველაზე მეტად მაინტერესებდა აზრები, თუ რა წიგნს დაამატებდნენ ორმოცდაათეულს.
“უდავოდ კენ კიზის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – ნანა და ანი.
“ალბათ ზინგფრიდ ლენცის “გერმანულის გაკვეთილი”" – მიშა.
“”მშვიდობით, იარაღო” ჰემინგუეის” – თათა.
ჩემთვის ცოტა რთული იყო არჩევნის გაკეთება. გადავწყვიტე რაიმე ისეთი წიგნი ამერჩია, რაც ქართველ მკითხველს ნაკლებად ეცოდინებოდა და ამავდროულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ალბათ ეს არის გენიალური მწერლის ალან მურის გრაფიკული ნოველა “მფარველები”. ვიცი, ამ წიგნს დიდი ხანი არ უწერია ქართულად გამოსვლა, რადგან გრაფიკული ნოველა და კომიქსი ყოველთვის ქართველებს ცუდად გვხვდება თვალში. ალბათ ეს იმის გამოა, რომ კომიქსზე ჩვენი წარმოდგენა მხოლოდ ბეტმენზე და ადამიან-ობობაზე ვრცელდება, რაც ჩემთვის პირადად ძალიან სამწუხაროა. ალან მურის ეს წიგნი მოიცავს ამერიკის ბინძურ 80იანების ნამდვილ სახეს, შიშველ პოლიტიკას, ფილოსოფიურ მომენტებსა და უბრალოდ ურთიერთობებს. ამ წიგნზე საათობით შემიძლია ვისაუბრო დაუღალავად და მოვიყვანო ათასი ციტატა, რომელიც ჩემთვის მაგარზე მეტია.
საერთოდ ძნელია ისაუბრო წიგნებზე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა. ბევრად მარტივია ისაუბრო პირად თემებზე, პოლიტიკაზე და თუნდაც ფილმებზე. წიგნზე სასაუბროდ ყოველთვის რაიმე ბაზა უნდა გაგაჩნდეს, რომ ხმა ამოიღო. მე კი განვაგრძობ ამ კალაპოტში ყოფნას, ამჯერად კი ტოტი, რომელსაც ვეჭიდები პრუსტის “წიგნის კითხვა”-ა, რომელიც როგორც ჩანს დიდხანს გამიძლებს.
ეს იქნება ჩემი რჩევა ჩემნაირი მოზარდებისადმი, მძლავრად ჩაეჭიდეთ ტოტებს და მიწაზეც აუცილებლად ახვალთ … დღეს თუ არა ხვალ …

პოსტი მომეწონა, თანაც საინტერესოდ წერ;-) პირადად მე, ქართულმა ზღაპრებმა და ასტრიდ ლინდგრენმა შემაყვარა კითხვა. უმეტესობას გაუკვირდება, მაგრამ ჰარი პოტერის წაკითხვის სურვილი აქამდე არ გამჩენია, თუმცა ვაღიარებ – უკვე დადებითად განვეწყვე ამ სათვალეებიანი ბიჭუნას მიმართ, ამისთვის მარტო ის მიზეზიც კმარა, რომ ძალიან ბევრს შეაყვარა კითხვა!:)
თუ ჩემგან შენიშვნა არ გეწყინება, მხოლოდ ერთს გეტყვი ამ კუთხით: არა “საშველებლად” არამედ – საშველად
“ლიტერატურულად მოჯანიანება” და “ტოტებსჩაკიდებულები” ძალიან ორიგინალურია
წარმატებები!..
მადლობა
შენიშვნაში კი საწყენი არაფერი, პირიქით მადლობა …
ხო, ბედნიერი ადამიანი ხარ, თუ ბავშვობაში ლინდგრენს კითხულობდი.
წიგნი ა.ლინდგრენმა შემაყვარა და ისე არ გავა არდადეგები, რომ “პეპი გრძელიწინდა” და “ბიულერბიულერი ბავშვები” არ გადავიკითხო. “ბურატინოს” რაც შეეხება, რატომღაც არასოდეს არ მიყვარდა ეს წიგნი. რამოდენიმეჯერ დავიწყე და ვერასოდეს ვერ ვუდებდი გულს :შ
ბევრი, ძალიან ბევრი რამ სწორად გესმის და ძალიან კარგია.